English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ კახა კუპატაძე
საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში

ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებით უზრუნველყოფა სწორი საგადასახადო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ხოლო გამართული საგადასახადო სისტემის ფორმირება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საგადასახადო ადმინისტრირების პრობლემების მოგვარებაზე. დღეისათვის მოქმედი საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკა საჭიროებს გარკვეულ სრულყოფას. ამ მხრივ არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი დაძლევისათვის მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების განსაზღვრა გვესახება ქვეყნის საგადასახადო სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. კვლევის მიზანია საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკული საკითხების გაცნობის საფუძველზე ადმინისტრირების სრულყოფის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
საგადასახადო ადმინისტრირების განვითარება და სრულყოფა თანამედროვე საგადასახადო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების მიღწევის რეალური მიმართულებაა, რაც საგადასახადო ურთიერთობებში ეკონომიკური ბერკეტების, ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. გამართული საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა, ქვეყანაში საგადასახადო კულტურის ამაღლებასა და საგადასახადო ურთიერთობათა მოწესრიგებას ემსახურება. საგადასახადო კულტურა კი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს შორის კანონიერ ურთიერთობას და უზრუნველყოფს გადასახადების ადმინისტრირების პროცესის დინამიკურობას.
ადმინისტრირების პროცესში საგადასახადო საქმიანობის მარეგულირებელი აქტები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სამ ძირითად კომპონენტს: ნეიტრალურობას, სტაბილურობას და სიმარტივეს.
ნეიტრალურობაში მოიაზრება ისეთი სამართლებრივი აქტების ფორმირება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, როგორც სახელმწიფოს, ასევე მეწარმეთა ინტერესები. სტაბილურობაში იგულისხმება საგადასახადო ნორმებში შესატანი ცვლილებების ნორმალიზება, ხოლო სიმარტივეში მოიაზრება ისეთი საკანონმდებლო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახეობის ინტერპრეტირების შესაძლებლობა.
სტატიაში ასახული მსჯელობებისა და დასკვნების საფუძველზე ნაშრომში შემოთავაზებულია გარკვეული რეკომენდაციები და მოსაზრებები საგადასახადო პრაქტიკაში მათი დანერგვის მიზნით:
1. საგადასახადო კანონმდებლობაში მიზანშეწონილია საგადასახადო შეღავათების სისტემური დახვეწა და განვითარება. საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და დახვეწისათვის სახელმწიფომ უნდა გაატაროს ისეთი პოლიტიკა (კანონმდებლობაში ცვლილებით), რაც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს შეღავათების ყველა ტიპის სამართლებრივ სუბიექტზე თანაბრად გავრცელებას, მეორე მხრივ, გადასახადის გადამხდელებში კანონმდებლობის ამ ნაწილის(შეღავათების) ჩანაწერებისა და განმარტებების დროულ და გაცნობიერებულ აღქმას, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გადამხდელთა მხრიდან საქმიანობის პროცესში საგადასახადო ტვირთის სწორად განსაზღვრას.
2. აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში საგადასახადო სამართალდარღვევების და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ამ მხრივ კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ოპტიმალური გადაწყვეტა სამართალდარღვევების შემცირების და გადამხდელთა მხრიდან კანონმდებლობის იგნორირების თავიდან აცილებისათვის, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია სამართალდარღვევებისა და პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობა ისე ჩამოყალიბდეს, რომ, ერთი მხრივ გადამხდელს არ შეეძლოს მისი იგნორირება, მეორე მხრივ საგადასახადო სანქციების მასშტაბმა (პროცენტულმა და რაოდენობრივმა მოცულობამ) არ მოახდინოს ზოგადად ბიზნეს-საქმიანობაში ჩართვის დემოტივაცია, არ გამოიწვიოს უკვე არსებული გადამხდელის საქმიანობის დესტაბილიზაცია და ეკონომიკური მიზნების მიღწევაში ხელშეშლა.
3. დიფერენცირებული და პროგრესული დაბეგვრის სტრუქტურის შემუშავება -შემოღება. ამ მხრივ მხოლოდ ადგილობრივი გადასახადის (ქონების) დიფერენციაცია არ არის საკმარისი, რამეთუ თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა საგადასახადო პოლიტიკის სამართლიანობის დამკვიდრების საკითხს, რაც საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებში შესაბამისი მიდგომების გარეშე, ვერ მიიღწევა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ამ კუთხით მუშაობის დაწყება სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლის და საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის შემოსავლების უთანასწორო განაწილების შემცირების მიზნით.
4. საგადასახადო საქმიანობის მარეგულირებელი აქტების გამოცემის ინტენსივობის ნორმალიზება. გადამხდელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ, საქართველოში ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა, გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა მგრძნობიარე საკითხია და ნორმალიზებას საჭიროებს. ვფიქრობთ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, საგადასახადო კანონმდებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს შესატანი ცვლილებების რეგლამენტირება, რაც ხელს შეუწყობს საგადასახადო ადმინისტრირების მარეგულირებელი ინსტრუქციებისა და წესების გამოცემის, ცვლილებების შეტანის და მათი ძალაში შესვლის გონივრული ვადების განსაზღვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნული, გამოიწვევს დაინტერესებულ პირთა ბიზნესსაქმიანობაში ჩართვის მოტივაციის ზრდას, რაც საგადასახადო კულტურის ამაღლებისა და სწორი ადმინისტრირების პირობებში, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის, დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა და, ზოგადად, ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის ერთ-ერთი განმაპირობებლი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

საკვანძო სიტყვები: საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო კულტურა, საგადასახადო პრივილეგიები, საგადასახადო რეფორმა, საგადასახადო მონიტორინგი.

ლიტერატურა:

• ბასილაია კ. ლიპარტია ზ. (2012) ფინანსური კონტროლი. თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“.
• ფიფია გ. (2020). საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები. თბილისი. გამომცემლობა: „ბონა კაუზა“. წიგნი 1 , წიგნი 2.
• ჩიკვილაძე მ., კოპალეიშვილი თ. (2011). გადასახადები და დაბეგვრა. თბილისი: გამომცემლობა: „ფავორიტი პრინტი“.
• ვერულიძე ვ. (2012). გადასახადები და საგადასახადო დაბეგვრა. თბილისი. გამომცემლობა: „უნივერსალი“.
• George R Zodrow (2019). Taxation in Theory and Practice. Selected Essays of George R Zodrow. Rice University, USA
• Salvador Barrios. Anamaria Marftei. Edira Narazani. Janos Varga. (2019). Progressive Tax Reforms in Flat Tax Countries. Pages 83-107
• Dirk-Hinnerk Fischer. Simona Ferraro. (2019). A proposal for a simple average-based progressive taxation system. Institute of Public Finance. Volume 43. Pages 141 – 165.
• https://www.geostat.ge/ka / ბოლო ნახვა 4 ოქტომბერი, 2022/
• https://www.wto.org/ ბოლო ნახვა 22 სექტემბერი, 2022/
• https://www.matsne.gov.ge/ ბოლო ნახვა 4 ოქტომბერი, 2022/
• საქართველოს საგადასახადო კოდექსი (2020). თბილისი.
• საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება. (2015). გზამკვლევი.


References:
• Basilaia K. Lipartia Z. (2012). Finansuri kontroli. [ Financial Control. Tbilisi “Universali”] in Georgian.
• Pipia G. (2020). Sakartvelos sagadasakhado kodeqsis komentarebi. [Comments on the Tax Code of Georgia. Tbilisi: “Bona Causa”] in Georgian.
• Chikviladze M., Kopaleishvili T. (2011). Gadasakhadebi da dabegvra. [Taxes and Taxation, Tbilisi: “Favoriti Printi”] in Georgian.
• Verulidze V. (2012). Gadasakhadebi da sagadasakhado dabegvra. [Taxes and Taxation. Tbilisi: “Universali“] in Georgian.
• George R. Zodrow (2019). Taxation in Theory and Practice. Selected Essays of George R.Zodrow. Rice University, USA.
• Salvador Barrios, Anamaria Marftei, Edira Narazani, Janos Varga (2019). Progressive Tax Reforms in Flat Tax Countries. pp.83-107.
• Dirk-Hinnerk Fischer, Simona Ferraro (2019). A proposal for a Simple Average-based Progressive Taxation System. Institute of Public Finance. Volume 43. Pages 141 – 165.
• https://www.geostat.ge/ka / Last seen October 4, 2022/
• https://www.wto.org/ Last seen September 22, 2022/
• https://www.matsne.gov.ge/ Last seen October 4, 2022/
• Sakartvelos sagadasakhado kodeqsi (2020). [Tax Code of Georgia, Tbilisi] in Georgian.
• Sakartvelo – evrokavshiris asotsirebis shesakheb shetankhmeba (2015). [Georgia – EU Association Agreement Guide.] in Georgian.